გიორგი რამაზაშვილის ლექსი
ხანდახან წვიმად დავედინები
და ხანდახანაც ღრუბელთ ქარავნად,
ხანდახან მინდორს ვებალახები
და ხან მე ჟამსაც ვჰყევარ არაფრად.
მე ხან ამ მთებში მივუალერსებ
დარცხვენილ დეკის ყვავილთ ნამიან,
სადღედაღამო პირმნათ ვარსკვლავნი,
ამ ჩემი გულის გულში ჰყვავიან.
ხანდახან ტკბილად დავიბინადრებ,
კლდეთ არწივების მაღალ სამყოფელს
და მე აქ არას დავაყვედრინებ,
ჩემ სააქაოს პატრონ-გამყოფელს.
წავალ და იქვე მოვიმკი სამკალს,
ჩემ ცოდვა-მადლით ნატანჯ ყანასა,
ნაბადს დავიკრავ ცხენის ტახტაზე,
გავყვები მე ჩემს ლექსის ფარასა.